რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2024 წელს უკრაინას EU-სგან კვლავ 18 მილიარდი ევრო დასჭირდება – უკრაინის ფინანსთა მინისტრი

ირპინი, უკრაინა

უკრაინის ფინანსთა მინისტრის, სერგეი მარჩენკოს თქმით, უკრაინის ბიუჯეტს მომავალი წლისთვის მინიმუმ იმდენივე თანხა დასჭირდება, რამდენიც 2023 წელს. ამის შესახებ მარჩენკომ 29 აპრილს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრამდე ისაუბრა.

ევროკავშირს უკრაინისთვის 2023 წელს სესხის სახით 18 მილიარდ ევრო აქვს გამოყოფილი. ეს უკრაინას ბიუჯეტის დეფიციტის შევსების საშუალებას აძლევს, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 3-დან 4 მილიარდამდე მერყეობს. დეფიციტის დარჩენილი ნაწილის დასაფარად უკრაინა აშშ-ის მიერ გამოყოფილ გრანტებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხებს იყენებს.

"რაც შეეხება 2024 წლის შესაძლო დაფინანსების საჭიროებებს, ეს ისევ დიდი ოდენობის იქნება. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ადვილი არ იქნება ხარჯების მკვეთრად შემცირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია სამხედრო კამპანიაზე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დაფინანსება ვერ იქნება 18 მილიარდ ევროზე ნაკლები, რაც ჩვენ მიმდინარე წელს გვქონდა." - თქვა მარჩენკომ.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი მომავალი წლისთვის უკრაინის მხარდაჭერის არსებული დონე შეინარჩუნოს, ევროკავშირის ეკონომიკის საკითხებში კომისარმა,  პაოლო ჯენტილონიმ თქვა, რომ დახმარება ევროკავშირის ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული.

"მომავალი წლის დახმარების შესახებ დისკუსია ზუსტი რიცხვების თვალსაზრისით დამოკიდებულია იმ დისკუსიაზე, რომელსაც ახლა ვიწყებთ ევროკავშირის ბიუჯეტის შესახებ. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას იმ ვალდებულებებით გავაგრძელებთ, რაც ბოლო წლებშიც გვქონდა." - თქვა ჯენტილონიმ.

 

კომენტარები