უკრაინული მარცვლეული

ევროკომისიამ უკრაინასა და EU-ს 5 ქვეყანას შორის მარცვლეულის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია

Reuters

ევროკომისიამ უკრაინასა და მის მეზობელ ევროკავშირის 5 ქვეყანას: პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და ბულგარეთს შორის მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

ამის შესახებ ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა საკუთარ Tweeter-ზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მიაღწიეს "პრაქტიკულად შეთანხმებას", თუმცა აღნიშნა, რომ არსებობს თანხმობა მნიშვნელოვან პუნქტებზე.

შეთანხმების მიხედვით: უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტზე დაწესებულ ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებს პოლონეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და უნგრეთი; 4 პროდუქტის: ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას მიმართ მიღებული იქნება განსაკუთრებული დაცვის ზომები; პოლონელი, უნგრელი, სლოვაკი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერებისთვის, რომელთაც უკრაინული მარცვლეულის შემოდინების შედეგად ზარალი მიადგათ, გამოიყოფა 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება; უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების ჩატარება, თუ რა გავლენა აქვს სხვა სახის პროდუქტებს, მათ შორის მზესუმზირას ზეთს; უზრუნველყოფილი იქნება სხვა ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტი სოლიდარობის ხაზის გავლით.

დომბროვსკისს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ზომებს მიიღებენ ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას მიმართ.

შეთანხმებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და აღნიშნა, რომ შედეგს მიესალმებოდა.

"შეთანხმება, რომელიც ინარჩუნებს უკრაინის ექსპორტის მოცულობას, რათა მსოფლიო გამოიკვებოს და ამავდროულად ჩვენი ფერმერების შემოსავლებსაც". – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

მას შემდეგ რაც ვარშავამ და ბუდაპეშტმა უკრაინული ხორბლის ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს, რომ ამავე ქმედებას განიხილავდნენ, ბრიუსელი მოექცა ზეწოლის ქვეშ, რომ ბლოკში ამ საკითხის გადაჭრის გზა შეემუშავებინა. ამ ქვეყნებში უკრაინული ხორბლის ტრანზიტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის შეჭრის გამო პროდუქტების ზღვის საშუალებით მიწოდება შეიზღუდა. ადგილობრივი ფერმერების პროდუქტს უკრაინული იაფი და დიდი რაოდენობის ხორბლის სახით კონკურენტი გამოუჩნდა და საკუთარ პროდუქტზე ფასის დაწევა მოუწიათ.

გასულ კვირებში ევროკომისიაში თქვეს, რომ შეზღუდვებს მიიღებდნენ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის პროდუქტებზე, მას შემდეგ, რაც ერთობლივი უკმაყოფილება გამოთქვა ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა.

ამას გარდა, ევროკომისია აპირებს შექმნას ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს, არსებობს თუ არა საჭიროება დაწესდეს მსგავსი შეზღუდვები სხვა პროდუქტებზეც. საჩქარო ზომები, როგორც მათ ევროკომისიაში უწოდეს, შესაძლოა რამდენიმე დღეში ამოქმედდეს, თუმცა, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, საგამოძიებო მუშაობას 6 თვე მაინც დასჭირდება.

კომენტარები