რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

PACE-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
Frederick Florin/Agence France-Presse — Getty Images

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

"1948 წელს მიღებული გენოციდის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის (ე) პუნქტის თანახმად, ბავშვების იძულებითი გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორეში იმ მიზნით, რომ სრულად, ან ნაწილობრივ გაანადგურო ეს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, ან რელიგიური ჯგუფი, გენოციდის დანაშაულად არის მიჩნეული. უკრაინელი ბავშვების რუსეთსა და მის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით დეპორტაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები შეესაბამება აღნიშნულ კრიტერიუმებს". - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაცია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ბავშვთა სახლებიდან ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებამდეც ხდებოდა. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ დანაშაულებისთვის სამართლებრივი პასუხისგების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდა. 

"ასამბლეა ასევე ეთანხმება გენოციდის დანაშაულების მტკიცებულებათა დაწვრილებითი აღწერის, შეგროვებისა და შეფასების საჭიროებას, როგორც ეს გათვალისწინებულია რომის სტატუტითა და გენოციდის კონვენციით". - ნათქვამია დოკუმენტში. 

ომის დაწყებიდან ეს პირველი ოფიციალური საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც რუსეთის ქმედებებს გენოციდად მოიხსენიებს. 

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ოლეკსი გონჩარენკოს ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე დაამტკიცა მის მიერ ინიცირებული შესწორება, რომ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდში ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობს. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ბევრი უკრაინელი ბავშვი სწორედ ბელარუსის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. 

რეზოლუცია ასევე მიესალმება ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემას. 

კომენტარები