ნორვეგია

შვედეთის კვლევითი რაკეტა ნორვეგიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

შვედური რაკეტა
SWEDISH SPACE CORPORATION

25 აპრილს შვედეთის კოსმოსის კორპორაციის მიერ გაშვებული კვლევითი რაკეტა გაუმართაობის გამო გაშვების წერტილიდან 15 კილომეტრში, ნორვეგიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

სააგენტოს განცხადებით, რაკეტამ მიაღწია 250 კმ. სიმაღლეს, სადაც ექსპერიმენტები ნულოვანი გრავიტაციის პირობებში უნდა ჩატარებულიყო. 

Reuters-თან შვედური კოსმოსური კორპორაციის ხელმძღვანელმა, ფილიპ ოჰლსონმა თქვა, რომ რაკეტა 1 000 მეტრის სიმაღლის მთების ზონაში, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან 10 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

რაკეტის გამშვები ობიექტის, ესრეინჯის კოსმოსის ცენტრის წარმომადგენელმა, მარკო კოჰბერგმა BBC-სთან საუბარში თქვა, რომ გაუმართაობას სერიოზულად უყურებდნენ.

შემთხვევას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ნორვეგიაში. შვედეთის კოსმოსის კორპორაციამ ბოდიში მოიხადა და თქვეს, რომ გამოძიებას დაიწყებდნენ, თუმცა ნორვეგიის მხარე უკმაყოფილოა, რომ შვედეთის მთავრობისგან ფორმალური გაფრთხილება არ მიიღეს.

"ნორვეგიის ხელისუფლება ნორვეგიის საზღვრის მხარეს ნებისმიერ არაავტორიზებულ აქტიურობას ძალიან სერიოზულად უყურებს". – თქვა Reuters-თან ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. 

ნორვეგიის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, პასუხისმგებელმა მხარემ ნორვეგიის მთავრობას დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დარღვევის შესახებ. მისი თქმით, შვედეთის ხელისუფლებისგან ფორმალური შეტყობინება არ მიუღიათ.

რაკეტა Texus-58, რომელიც ნორვეგიაში ჩამოვარდა, ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ გაძღოლილი კვლევის ნაწილია.

კომენტარები