ენმ

ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ს ბათუმის ორგანიზაცია

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თქმით, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღო. კირთაძე ამბობს, რომ ენმ "ასეთ თავმჯდომარეს არ იმსახურებს".

"ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით – ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ის მუშაობდეს აქტიურად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში, წამლებს არ ყიდულობს რუსული ოცნება ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშორება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტისა, ცვლის ბათუმელების ნებას. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა, და სიიდან ამოიღო ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს". – თქვა გიორგი კირთაძემ.

ენმ-ს წევრების თქმით, პროცედურის თანახმად, საკრებულოს სიაში ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება სიიდან ამოღებული წევრებით უნდა მომხდარიყო, თუმცა ხაბეიშვილმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო და სიიდან შერჩევითად ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერები ამოიღო.

გიორგი კირთაძემ ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ასევე დატოვა პარტიის პოლიტსაბჭოც, რადგან, მისი თქმით, ამ ორგანოს "გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას". აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალ პოლიტსაბჭოს სიაში ვერ მოხვდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელიაც.

15 აპრილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებით გამოეხმაურა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ თბილისში ახალი ოფისის გახსნას. პარტია მიიჩნევდა, რომ გაუგებარია, რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც "შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს".

ნიკა მელია საპასუხო განცხადებაში წერდა, რომ ოფისი იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად გაიხსნა, რომელიც დღის წესრიგში არა ხაბეიშვილის არჩევის გამო, არამედ "უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის" გამო დადგა.

კომენტარები