ენმ

მელია: ოფისი გაიხსნა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ყრილობის შემდეგ დადგა

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისში პარტიის ოფისის გახსნის შესახებ კრიტიკას გამოეხმაურა. მელია წერს, რომ ოფისი იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად გაიხსნა, რომელიც დღის წესრიგში არა ხაბეიშვილის არჩევის გამო, არამედ "უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის" გამო დადგა.

"გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით ოფისის გამო. ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით) არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

სწორედ ამ "ყრილობის" შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო. ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს. ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!" – წერს მელია.

15 აპრილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებით გამოეხმაურა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას. პარტია მიიჩნევდა, რომ გაუგებარია, რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც "შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს". 

განცხადებაში ასევე წერია, რომ პარტიას ჰყავს უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და მმართველობითი ორგანოები და ყველას აქვს უფლება ჰქონდეს დღის წესრიგი  "დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში".

კომენტარები