უძრავი ქონება

თბილისში უძრავი ქონება კიდევ გაძვირდა – ფასები უბნების მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, კერძოდ, ინდექსის (RPPI) წლიურმა ზრდამ 10.7 % შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი, ფასები 25.1%-ითაა გაზრდილი.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ბინების ფასები 23.6%-ით, კერძო სახლების კი 27.2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ბინების ფასი 2.4%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლების ფასი 3.5%-ით შემცირდა. 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, ფასები გაიზარდა ოროივე სეგმენტში - ბინებზე 9.3%-ით, ხოლო სახლებზე - 11.6%-ით.

დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა და ვაკე რჩება. ყველაზე იაფად კი, უძრავი ქონების შეძენა სამგორსა და გლდანშია შესაძლებელი. 

საშუალოდ, 1მ2 ახალი საცხოვრებელი ბინის ღირებულება მთაწმინდაზე 4 919 ლარს შეადგენს, ხოლო სამგორში – 2 647 ლარს.

აღსანიშნავია, რომ საქსტატი ბინების ფასს ლარში ითვლის, ბოლო ერთ წელში დოლარი ლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარში ბინების ფასი პროცენტულად კიდევ უფრო გაძვირდა. მაგალითად, გასული წლის პირველ კვარტალში მთაწმინდაზე ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფასი 4 458 ლარი ღირდა, რაც 1 468 დოლარს შეადგენდა. დღევანდელი ფასი 4 919 ლარი კი 1 963 დოლარია.

კომენტარები