რუსული კანონი

სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა საქმის განხილვიდან სამი კვირის შემდეგ გამოიტანა. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

ბექა ჯიქურაშვილი პუბლიკის დირექტორთან, ზურა ვარდიაშვილთან ერთად 2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. ისინი რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ბექა ჯიქურაშვილის სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ ტაბულას ჟურნალისტი "იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ", აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კეტავდა გზას, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებაში. ვიდეოკადრებში, რომელიც დაცვის მხარემ სასამართლოს აჩვენა, ჩანს, რომ ჯიქურაშვილის დაკავებისას გზა უკვე გადაკეტილი იყო. ასევე, ის არ დგას ახლოს სხვა დაკავებულებთან.

გარდა ამისა, შსს-ს თანამშრომელი სასამართლო სხდომაზე ამბობდა, რომ ბექა ჯიქურაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ პოლიციის განყოფილებაში გაიგო, თუმცა, დაკავების ვიდეოში ასევე ისმის, რომ ტაბულას რეპორტიორი სწორედ მოწმე სამართალდამცველს ეუბნება, რომ ჟურნალისტია - ის დაკავებულს პოლიციის მანქანაში გვერდით ეჯდა.

პუბლიკის დირექტორი ზურა ვარდიაშვილი იგივე მოსამართლემ 2 200 ლარით გუშინ, 18 აპრილს დააჯარიმა. 

კომენტარები