შეტაკებები სუდანში

სუდანში შეტაკებებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 1 100-ს აღწევს

(AFP)

სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკება მესამე დღეა გრძელდება. ბოლოდროინდელი მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1 100-ს აღწევს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, საავადმყოფოები განიცდიან სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის, მათ შორის, ანესთეზიოლოგების ნაკლებობას.

"წყლისა და ელექტროენერგიის შეწყვეტა გავლენას ახდენს ჯანდაცვის დაწესებულებების ფუნქციონირებაზე და ასევე გვაქვს ცნობები საავადმყოფოების გენერატორებისთვის საწვავის დეფიციტის შესახებ". - აღნიშნავს ჯანმო.

გასამხედროებული დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) მეთაურმა, გენერალმა მუჰამედ ჰამდან დაგლომ (ასევე ცნობილი როგორც ჰემედტი) 17 აპრილს საერთაშორისო თანამეგობრობას კონფლიქტში ჩარევისა და "სუდანის არმიის მეთაურის, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის დანაშაულების წინააღმდეგ" ზომების მიღებისკენ მოუწოდა

მისი თქმით, ის "რადიკალური ისლამისტების" წინააღმდეგ იბრძვის, ხოლო ბრძოლა რომელსაც აწარმოებს, "დემოკრატიის ფასია, რომლისთვისაც სუდანი ამდენი ხნის განმავლობაში იბრძოდა". 

აღსანიშნავია, რომ გასამხედროებული დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალები (RSF) ადრე დარფურის რეგიონში ეთნიკურ წმენდაში იყო ბრალდებული.


CNN-ის ცნობით, სუდანში ინფორმაციაზე წვდომაც შეზღუდულია. მთავრობის საკუთრებაში არსებული ეროვნული ტელეარხი არ ფუნქციონირებს. ტელევიზიის თანამშრომლებმა CNN-ს უთხრეს, რომ ის გასამხედროებულ დაჯგუფების სწრაფი რეაგირების ძალების (RSF)-ის ხელშია.

ამასთან, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ დროებით შეაჩერა ყველა ოპერაცია სუდანში მას შემდეგ, რაც შაბათს შეტაკებისას მათი სამი თანამშრომელი დაიღუპა.

Qatar Airways-მა 16 აპრილს აღნიშნა, რომ ხართუმის მიმართულებით ფრენებს დროებით აჩერებს აეროპორტისა და საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო.

ამავდროულად, მექსიკა მუშაობს სუდანიდან თავისი მოქალაქეების მშვიდობიან ევაკუაციაზე, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირას აღნიშნა, რომ ის ცდილობს "დააჩქაროს" მათ მიერ ქვეყნის დატოვება.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ.

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები