უნგრეთი

უნგრეთში ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მოკავშირეები აშშ-მ შესაძლოა დაასანქციროს

ვიქტორ ორბანი ევროპული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფრანგეთში, სტრასბურგში, 2018 წლის 11 სექტემბერი.
EPA-EFE/PATRICK SEEGER

აშშ-ს კონგრესში ჯგუფი, რომელიც ორივე, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან შედგება, მუშაობს სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა დაუწესდეთ პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანის მოკავშირე უნგრელ პოლიტიკოსებს.

სანქციების კანონპროექტში დასახელებული იქნებიან ყოფილი მაღალჩინოსნები და მთავრობის მხარდამჭერები, რომლებსაც კავშირები აქვთ ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესთან.

სანქციებზე გასული წლიდან მუშაობდნენ და კონგრესის წინაშე თვის ბოლომდე წარმოადგენენ. როგორც გამოცემა The Guardian-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, კონგრესში კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა ექნება.

სანქციებზე მუშაობა ვაშინგტონსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე ხდება. 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში, 12 აპრილს აშშ-მ დაასანქცირა ბუდაპეშტში მოქმედი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი (IIB). სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ IIB-ის მმართველის ორი მოადგილე და ყოფილი მმართველი. დასანქცირებული 3 პირიდან 2 რუსეთის მოქალაქეა, 1 - უნგრეთის. როგორც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, IIB-ის ხელმძღვანელები ბანკის ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთთან ათანხმებდნენ. ხუთშაბათს, 13 აპრილს უნგრეთში გამოაცხადეს, რომ IIB-სთან საქმიანობას შეწყვეტდნენ.

კომენტარები