უნგრეთი

აშშ-ს სანქციების შემდეგ, უნგრეთი რუსეთთან დაკავშირებულ ბანკს ტოვებს

საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სათაო ოფისი ბუდაპეშტში
MTI

აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებიდან ერთი დღის შემდეგ, უნგრეთი რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის (IIB) წევრობას ტოვებს

აქამდე, 12 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა ბუდავპეშტში განთავსებულ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს, რომელმაც სათაო ოფისი 2019 წელს მოსკოვიდან უნგრეთში გადაიტანა.

გადაწყვეტილება თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყება განცხადებაში ამბობდა: "მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, აშშ-ს სანქციებმა საბანკო ოპერაციები უაზრო გახადა. შესაბამისად, ხელისუფლება საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიდან გამოიხმობს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს და ტოვებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს".

გასულ წლებში უნგრეთის მთავრობის მიერ IIB-ის სათავო ოფისის მიღებას უარყოფითი შეფასებები და წუხილი მოჰყვა როგორც დონალდ ტრამპის, ისე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციების წარმომადგენლებისგან. მათი თქმით, ბანკი რუსეთს ევროკავშირსა და NATO-ს ქვეყნებში ჯაშუშურ საქმიანობაში დაეხმარებოდა.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი სანქციების დაწესების განცხადებაში წერდა, რომ ბანკი რუსეთს აძლევს საშუალებას "გაზარდოს სადაზვერვო შესაძლებლობები ევროპაში, კარს უხსნის კრემლის ბოროტი გავლენების საქმიანობებს ცენტრალურ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთში და შესაძლოა გამოყენებულ იქნას კორუფციისა და უკანონო ფინანსური საქმიანობისთვის, სანქციების დარღვევის ჩათვლით".

ბუდაპეშტში სანქციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ს ელჩმა უნგრეთში, დევიდ პრესმანმა აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა უგულებელყოფდა აშშ-ს როგორც ძველი, ისე ახალი ადმინისტრაციის თხოვნებს, დაეტოვებინათ IIB-ის საკუთარი წილი.

"უნგრეთის შუაგულში კრემლის ამ გაუმჭვირვალე პლატფორმის არსებობა საფრთხეს უქმნის უნგრელი ხალხის, მათი ევროპელი მეზობლებისა და NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს". – თქვა პრესმანმა. 

ბანკზე დაწესებული სანქციები შეეხო სამ პირს, აქედან ორ რუსეთის მოქალაქეს: ნიკოლაი კოსოვსა და გეორგი პოტაპოვს და ერთ უნგრეთის მოქალაქეს - იმრე ლასლოცსკის. აქედან ორი პირი ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე, ერთი კი ბანკის ყოფილი ხელმძღვანელია. სანქციების ამ ტალღაში მთავარი სამიზნეები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო, მდიდარი ბიზნესმენი მოკავშირეების ფინანსური წრეების წარმომადგენლები იყვნენ.

1970 წელს, საბჭოთა კავშირში დაარსებული ამ ბანკის ყოფილი წევრები არიან ევროკავშირის ქვეყნები: ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკია და რუმინეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფინანსური ინსტიტუტი ოთხივე ქვეყანამ დატოვა. უნგრეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც IIB-ში რჩებოდა.

კომენტარები