ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური თბილისს ხალხის გადაბირებაში ადანაშაულებს

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებმა აფხაზეთის მცხოვრებთა გადმობირების საქმიანობა გააქტიურეს.

მათი მტკიცებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სპეცსასმახურების საქმიანობის მთავარი მიმართულება აფხაზეთია და ეს "განპირობებულია საქართველოს გეგმებით ძირი გამოუთხარონ რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს". მარიონეტული ორგანო ირწმუნება, რომ საქართველოს სპეცსამსახურები იყენებენ ჯაშუშობის კომპლექსურ სისტემას და ჰყავთ ინფორმატორები, რომლებიც "აგენტურის აპარატის" ნაწილები არიან და ზოგიერთი მათგანი აფხაზეთის მცხოვრებიცაა.

მარიონეტული რეჟიმი განსაკუთრებით აფრთხილებს ახალგაზრდებსა და სოციალურად დაუცველ ფენას და მათ ე.წ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ახსენებს.

ამას გარდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ქართული სპეცსამსახურების პრიორიტეტული ამოცანა მათ ძალოვან სტრუქტურებსა და მაღალჩინოსნების გარემოცვაში შეღწევაა.

"ოფიციალური თბილისი ისწრაფვის მოიპოვოს მონაცემები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებზე, სამხედრო ობიექტების განლაგებაზე, მათ გადაადგილებაზე, რაოდენობრივ და ხარისხობრივ შემადგენლობაზე". – ნათქვამია მარიონეტული უწყების განცხადებაში. 

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, აფხაზეთის მაცხოვრებლების გადაბირების ყველაზე ხელსაყრელი ადგილი ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტია, ხიდი, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. 

რისი გადატანა იქნება შესაძლებელი ენგურის ხიდზე – საოკუპაციო რეჟიმი ჩამონათვალს აქვეყნებს

გასულ დღეებში, 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა. 10 აპრილს შეზღუდვა მოხსნეს. 

მარტის დასაწყისის თბილისის საპროტესტო აქციების შემდეგ, მარიონეტული სოხუმის შეშფოთებულია. ამ მოვლენების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი აქტიურად ავითარებს შეთქმულების თეორიას, თითქოს საქართველოში აშშ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და კვლავ საუბრობენ ე.წ. "მეორე ფრონტზე". მათი რიტორიკა ახალი ფრონტის გახსნაზე ემთხვევა საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ნარატივს.

ბჟანია: საქართველოს ოპოზიცია მთავრობის დამხობას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს

კომენტარები