ოკუპირებული აფხაზეთი

რისი გადატანა იქნება შესაძლებელი ენგურის ხიდზე – საოკუპაციო რეჟიმი ჩამონათვალს აქვეყნებს

ენგურის ხიდი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ასლან ბჟანიას 31 მარტის განკარგულებით განისაზღვრა ის საქონელი, რომლის გადატანაც ენგურის გამშვებ პუნქტზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ბჟანიას ბრძანებით, ამიერიდან ენგურის ხიდზე დაიშვება შემდეგი საქონლის გადატანა:

  • მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგები;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი და სარგავი მასალა;
  • ცოცხალი ფრინველები;
  • ფერმის ცხოველების საკვები;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;
  • ტექნიკა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისთვის;
  • ავტომობილები;
  • ავტონაწილები მანქანებისთვის ძრავა და სხვა საპოხი ზეთები;

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, ე.წ საბაჟო სამსახურის კომიტეტის უფროსი, ალიას ლაბახუა აფხაზურ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ბრძანება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება და იურიდიულ პირებს არ შეეხება. მისი თქმით, ერთ პირზე მხოლოდ ერთი ავტომობილის გადაყვანაა განსაზღვრული და მსგავსი პოლიტიკა იმოქმედებს სხვა საქონელთან მიმართებითაც.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადამსვლელ ადამიანებს ე.წ საბაჟო კონტროლის გავლა და შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევთ.

კომენტარები