რუსული კანონი

არძინბა თბილისის აქციებზე: ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მორიგი მცდელობაა

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა თბილისის გასული ღამეების აქციებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა" იყო. 

"ძვირფასო თანამემამულენო! აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდება. მივიჩნევთ, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მორიგი მცდელობა". – თქვა არძინბამ.

ამას გარდა, მისი მტკიცებით, დემონსტრანტები ინსტრუქციებს თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოდან და სახელმწიფო დეპარტამენტისგან იღებენ.

"ე.წ. მშვიდობიანი დემონსტრანტები აქტიურად იყენებენ პირდაპირ ქმედებებს: "მოლოტოვის კოქტეილებს", კეტავენ ქუჩებს და იყენებენ აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს. ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ მათ კარგად აქვთ მიღებული ინსტრუქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან და თბილისში აშშ-ს საელჩოს შესაბამისი დანაყოფებისგან. ამას გარდა, ტრადიციულად აღვნიშნავთ ამ მოვლენების მომზადებაში არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს". – თქვა არძინბამ.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოვლენებს აქტიურად აკვირდება.

"მსურს ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი ასრულებს სიტუაციის ოპერაციულ მონიტორინგს, არის აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მუდმივ კონტაქტზე. ჩვენი სახელმწიფო საზღვარი საიმედოდაა დაცული აფხაზი და რუსი სპეციალური დანაყოფების მიერ". – დაამატა არძინბამ.


9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ

"ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს "რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

კომენტარები