მკვლელობა

ზუგდიდში 14 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

14 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ მოკლული მოზარდის, საბა მამფორიას ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი ამბობენ, რომ ბრალდებულისთვის სწორედ სასჯელის უმაღლესი ზომის მისჯას ითხოვდნენ და საქმის გამომძიებელს მადლობა გადაუხადეს. 


შემთხვევა გასული წლის ნოემბერში ზუგდიდში მოხდა. რამდენიმე მოზარდს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 14 წლის საბა მამფორია გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცხელ კვალზე პოლიციამ 1 მოზარდი დააკავა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

კომენტარები