საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო

TI: იმპორტის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიის ტარიფის 40%-ით ზრდა გამოიწვია

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ [TI] 2020-2022 წლებში ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები შეისწავლა. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის შიდა მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება, რამაც ელექტროენერგიის იმპორტის 3-ჯერ ზრდა გამოიწვია. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 40%-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, ტარიფის ზრდის ძირითად მიზეზებად ლარის გაუფასურება და იმპორტის ზრდა სახელდება. 

როგორც TI აღნიშნავს, ბოლო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ყოფილი მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეების მფლობელობაში არსებული კომპანიების საშუალებით მოგების მიზნით ხორციელდება.

"პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გაჩნდა ამ პროცესში შუამავლების ჩართვის აუცილებლობა". - ვკითხულობთ კვლევაში.

გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად ჩართულია ყოფილ პრემიერმინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული კომპანია Elgreen Holdings Incorporated. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, TI-ს ცნობით, "შუამავლად შპს "ლუქს ენერჯი ტრეიდინგია" ჩართული, რომლის 50.01% რუსულ "ინტერ რაოს" ეკუთვნის, ხოლო 49.99% საქართველოს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) ყოფილ გენერალურ დირექტორს -  ვახტანგ ამბოკაძეს".

რუსეთზე დამოკიდებულების გაანალიზებისას ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთის წილი იმპორტში 58%-მდე გაიზარდა. 

"საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული და რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ენერგოკრიზისი არ შეიქმნება" - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის დასასრულს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს შუამავალი კომპანიების როლი იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასის ზრდის პროცესში, ხოლო თუ ამავე კომპანიების ჩართულობის საჭიროება დასაბუთებული არ იქნება, "სახელმწიფომ ელექტროენერგია მათ გარეშე უნდა შეიძინოს".

კვლევა წაიკითხეთ სრულად აქ

კომენტარები