ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის დედა: ჩემი შვილი სახლში მინდა, გულგატეხილი კი არა, ძლიერი

მე ლაზარე გრიგორიადისის დედა ვარ და ამას სრული სიამაყით ვამბობ იმიტომ, რომ ჩემს თვალში ჩემი შვილი გმირია, რომელსაც თავის სამშობლოზე გული შესტკივა. ის გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მის თბილსა და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს. ის სრულიად გულწრფელი და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად განვითარებული და გამოხატული აქვს. და მის ამ შინაგან გამოძახილს აბა რა შეაჩერებს? ალბათ, ეს იყო მისი ერთპიროვნული, თვალსაჩინო დასჯისა და ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორების მიზეზი. ჩემი აზრით, ეს შემაშინებელი თითის დაქნევაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გარეთ არის გამოსული და საკუთარი სამშობლო თავისთვის უნდა. მათი გამკვირვებია, ვინც ასე ადვილად და დაუნდობლად ლაპარაკობს იმაზე, რაც საკუთარი თვალით არ დაუნახავს. წესით, ასეთ ადამიანებს ლაზარეს საკნის გვერდზე უნდა მივუჩინოთ ადგილი. ცილისწამებისთვისაც არსებობს ღვთის სასჯელი. მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მძიმე დღეებში უდიდეს განსაცდელს იზიარებს. ყოველი კეთილი სიტყვა და საქმე ერთი ასად დაგიბრუნდეთ. ჩემი შვილი სახლში მინდა, გულგატეხილი კი არა, ძლიერი. უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა, სამართალში დარწმუნებული. მოდით, მივანდოთ ჩვენს ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრება, რომ თავისი მოსაწონი სამშობლო თავისუფლად და ლაღად აშენონ. 

ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ვიდეოში, რომელიც TV პირველის გადაცემა რეაქციაში გავიდა ეთერში.

კომენტარები