რუსეთი

ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ სამხედრო პოტენციალს გავაძლიერებთ – გრუშკო

ალექსანდრ გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ რუსეთი დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში სამხედრო პოტენციალს გააძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია, RIA Novosti ავრცელებს.

"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სამხედრო პოტენციალს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები ფინეთში განლაგდება, ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად". - აღნიშნა გრუშკომ მედიასთან საუბრისას. 

ფინეთი 4 აპრილს NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდება. ინფორმაციას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ადასტურებს. 

"ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ, NATO-ს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად NATO-სთვის. შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხოდ იქნება". - თქვა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

კომენტარები