ლაზარე გრიგორიადისის საქმე

სარჯველაძე: შეიძლება, სადღაც ტერორისტულ ორგანიზაციასაც მიაჩნია, რომ მისი მოტივი გონივრულია

როგორიც არ უნდა იყოს ჰაბიტუსით, გარეგნობით, რა სქესის, რა ეროვნების, რა რელიგიის - არ აქვს მნიშვნელობა, ის უნდა დაისაჯოს. სამართალს ამაზე პასუხი აქვს. არ შეიძლება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, ვიცხოვროთ საზოგადოებაში, სადაც თუ ვინმე ჩათვლის, რომ წმინდაა იდეა, რომლის სამსახურშიც ის ადგება და მოლოტოვის კოქტეილებს დაუშენს სხვა ადამიანებს, მიგვაჩნდეს, რომ ეს სწორია - არ შეიძლება ასე.  

მაშინ, ამ ლოგიკით, რა სხვაობაა? ლეტალურია ხომ ის იარაღი? წარმოიდგინეთ, რომ ავტომატი მოიტანა ვიღაცამ და გაუხსნა ცეცხლი პოლიციას. დადგება მერე ბოკერია და ფონ კრამონი და იტყვიან, რომ ეს დემოკრატიის მოტივებიდან გამომდინარე გამართლებული იყო. ეს რა გამოდის, იცით? არ ვიცი, სადღაც, შეიძლება, ტერორისტულ ორგანიზაციასაც მიაჩნია, რომ მისი მოტივიც გონივრულია. ასეთივე აზროვნების ხალხია, როგორც ჩანს, ხალხი, რომელიც დღეს შეგნებულად და გააზრებულად ცდილობს, ახსნას და გაამართლოს მოლოტოვის კოქტეილის სროლა პოლიციელების წინააღმდეგ. 

ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე იმედთან ინტერვიუში 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას. შაბათს, 1-ელ აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან ტაბულას, ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც დაესწრო ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც. 

კომენტარები