თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ლოზუნგით "რესპუბლიკური ჩვენი სახლია" აქცია გაიმართა

ინტერპრესსნიუსი

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ლოზუნგით "რესპუბლიკური ჩვენი სახლია" აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს მხარდაჭერა სხვადასხვა კლინიკის მედიკოსებმაც გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების შეფასებით, შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა მისი დანგრევისა და ახლის შენების შემთხვევაში მომუშავე პერსონალი სამსახურს დაკარგავს.

"არცერთი კომპენსაცია არ შეცვლის იმას, რასაც ჩვენ აქ განვიცდით. არის იმის შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და რაც გასაკეთებელია, ის პარალელურ რეჟიმში გაკეთდეს. ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება. ის რომ რეაბილიტაცია საჭიროა, ეს ცალსახაა", - აღნიშნავს აქციის მონაწილე, მედიკოსი ნინო ხაჭაპურიძე. 

საქართველოს მთავრობამ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. 21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილით მისწერეს

ექიმების პროტესტის ფონზე, აზარაშვილმა თქვა, რომ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სამხარაულის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ და მას სამინისტრო მომავალ კვირაში წარადგენს. ხოლო, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო პასუხისმგებლობას აიღებს ყველა დასაქმებულზე და იმ შემთხვევაში, თუ მედპერსონალს სხვა კლინიკებში ვერ დაასაქმებენ, მათ ხელფასს მაინც გადაუხდიან.

მანამდე ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების შემდეგ გამოწვეულ ხმაურს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. 

კომენტარები