რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: რუსეთის თავმჯდომარეობა კიდევ ერთი სიმბოლური დარტყმაა საერთაშორისო ურთიერთობებზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა საერთაშორისო ურთიერთობების წესებზე დაფუძნებულ სისტემაზე კიდევ ერთი სიმბოლური დარტყმაა

"ეს არა მხოლოდ სირცხვილი, არამედ კიდევ ერთი სიმბოლური დარტყმაა საერთაშორისო ურთიერთობების წესებზე დაფუძნებულ სისტემაზე". - წერს ერმაკი Twitter-ზე. 

როტაციის პრინციპით 1 აპრილიდან რუსეთმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. კრემლის განცხადებით, ქვეყანა "თავის ყველა უფლებას გამოიყენებს"

ბოლოს მოსკოვმა პოსტი 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიკავა. 

რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნებიც გამოეხმაურნენ. 

"1-ელი აპრილი... სულელების დღე. ყველაზე ცუდი ხუმრობა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობაა. ეს ორგანო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. როგორც ჩანს, სამყარო შეიშალა". - წერს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე. 

ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის თავმჯდომარეობა "საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა".

"რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა. მე მოვუწოდებ გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელ წევრებს, აღკვეთონ რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, ბოროტად გამოიყენოს მისი თავმჯდომარეობა. ასევე შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკანონოდ არის გაეროს უშიშროების საბჭოში". - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე. 

კომენტარები