ლაზარე გრიგორიადისის საქმე

კრამონი გრიგორიადისზე: მიუღებელია მისი იმიჯით სპეკულირება – სოლიდარობას ვუცხადებ

ტაბულა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით ტაბულას, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით გამართულ აქციაზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მივიდა. კრამონმა დაკავებულს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ პარლამენტარების მიერ მისი იმიჯით სპეკულირება მიუღებელია.

"პირველ რიგში კარგია, რომ გვაქვს შეკრების თავისუფლება და ადამიანები გამოვიდნენ ამ ახალგაზრდის სოლიდარობის მიზნით, რომელიც დაკავებული იქნა. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, იყოს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, სამარცხვინოა. ვფიქრობ, იმის ფონზე, რაც ხდებოდა მარტის დასაწყისში, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება და არ არის საჭირო ამ დემონსტრაციის ინდივიდების ამორჩევა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგია აქ მოსვლა და სოლიდარობის გამოხატვა.

აქ, როგორც ყველა დანარჩენი იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველა პიროვნებას აქვს ამ უცხოური გავლენის კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, [აქ იმისთვის ვარ] ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს". – თქვა კრამონმა აქციაზე.

31 მარტს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.

პოლიციამ გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტაკოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაკავებულზე. მისი მტკიცებით, გრიგორიადისი დაკავშირებული "ბოლშევიკურ ტროიკასთან" – ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ელენე ხოშტარია. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო – გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა.

9 მარტს დილით გავრცელდა ქართული ოცნების განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდნენ. 10 მარტს კი, პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები