რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიტროპოლიტი პავლე ლებედი: აგრესიის წინააღმდეგი ვარ

1-ელ აპრილს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი, პავლე ლებედი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა. ინფორმაციას კიევ- პეჩორის ლავრის ვებგვერდზე ავრცელებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პავლე ლებედმა თქვა, რომ ის აგრესიის წინააღმდეგია, თუმცა, რუსეთი დამნაშავედ არ მოუხსენებია.

"მე არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ რაიმე დამაბრალონ, ეს პოლიტიკური საკითხია. არასდროს ვყოფილვარ აგრესიის მხარეს. აგრესიის წინააღმდეგი ვარ. ახლა კი უკრაინაში ვარ. ეს ჩემი მიწაა." - თქვა მიტროპოლიტმა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვის ღონისძიებების 3 მიზანს ასახელებს: 

  • "ლავრის "რუსული სამყაროს" ცენტრად გამოყენების აღკვეთა.
  • გადამოწმდეს მონაცემები, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებს იყენებენ დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფები, უცხოეთის მოქალაქეები, [იყენებენ] იარაღის შესანახად და ა.შ.
  • მოსახლეობის პროვოკაციებისგან და ტერორისტული აქტებისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა."

განცხადებაში ნათქვამია, რომ СБУ-მ ჩაატარა ლავრის ტერიტორიის შემოწმება, რათა აღმოეჩინათ, ინახავდნენ თუ არა აკრძალულ ნივთებს; შეემოწმებინათ ლავრის ტერიტორიაზე მყოფი პირები, მონაწილეობდნენ თუ არა უკრაინის სუვერენიტეტისთვის საზიანო საქმიანობაში.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ ჩაერთოს იმ "დაძაბულობის განმუხტვაში", რომელიც უკრაინაში რუსული ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევის შემდეგ წარმოიქმნა.

"თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი – ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას. მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება". – წერია წერილში.

კომენტარები