სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი 7-9 მარტის აქციებზე: ხალხმა ქუჩაში გამოსვლით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

"საქართველომ რთული გეოპოლიტიკური გარემოსა და შიდა დაძაბულობის მიუხედავად, ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით, წინსვლას მიაღწია: დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, რაც ჩვენი დასახული პრიორიტეტია, ჩვენგან კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს. მაშინ, როცა ეს ცვლილებები საქართველოს დეკლარირებული ვალდებულებების ნაწილი იყო და ახალი კანონების, ან სამოქმედო გეგმების მიღებით მოგვარდა, ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ" კანონის გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, ეროვნული თანხმობის პროცესი დაიწყო". - თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, არის საქართველოს სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს.

კომენტარები