საქართველოს პარლამენტი

ბეჟაშვილი: ყველა საპარლამენტო განხილვას დავესწრებით, რომელიც ეხება ეროვნულ ინტერესებს

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა საპარლამენტო განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეხება "საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს". ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული უკვე არის, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე მაშინ, როცა ინტერპელაციის საკითხი იქნა განხილული.

ასევე ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს, იქნება ეს ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე, 12 პუნქტის გეგმის შესასრულებლად, ხალხის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, რომ ყველა საპარლამენტო განხილვაში, სხდომაში ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელი არ გადაუვადა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა. მაშინ ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტდა, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით კი კონსულტაციებს გააგრძელებდა.

მას შემდეგ, ენმ პარლამენტის რამდენიმე სხდომას დაესწრო, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია, წყვეტდნენ თუ არა ბოიკოტს, არ იყო ცნობილი.

კომენტარები