რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვმა რუსულ ელიტას დეკემბერში უთხრა, რომ ომი ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება – GUARDIAN

ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მეგობრების არაოფიციალურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია Guardian-ს, ანონიმურობის დაცვით, შეხვედრაზე მყოფმა ორმა პირმა მიაწოდა. 

ანონიმური წყაროს თანახმად, საღამოს დასაწყისში, დმიტრი პესკოვმა სადღეგრეძლოს თქმისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

"საქმე გაცილებით გართულდება. ამას [ომს] ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდება." - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, პესკოვის სადღეგრძელომ სტუმრებს შორის საღამოს განწყობა გააფუჭა. მეტიც, შეხვედრაზე მყოფთაგან ბევრი უკრაინაში მიმდინარე ომს საიდუმლოდ ეწინააღმდეგებოდა.

"არასასიამოვნო იყო მისი გამოსვლის მოსმენა. აშკარა იყო, რომ ის გვაფრთხილებდა, ომი ჩვენთან დარჩება და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში." - თქვა ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ.

მანამდე პუტინმა კიდევ ერთხელ შეაფასა ომი, როგორც რუსეთის გადარჩენისთვის საჭირო ეგზისტენციალური ბრძოლა.

"ჩვენთვის ეს არ არის გეოპოლიტიკური ამოცანა, არამედ რუსეთის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის, ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი განვითარებისთვის პირობების შექმნა." - თქვა პუტინმა.

კომენტარები