დემოკრატიის სამიტი

ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს ზურაბიშვილი წარადგენს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ  2023 წლის დემოკრატიის სამიტზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნება. ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა დირექტორმა, რობ ბერშინსკიმ განაცხადა.

ბერშინსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის "საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამომხატველი ხმა" და სწორედ ამიტომ, წლევანდელ სამიტზე საქართველოს წარმომადგენლად ის მიიწვიეს.

"ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც იყო ჩამოსული აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამომხატველი ხმა და ის იქნება საქართველოდან ჩვენ მიერ მოწვეული წარმომადგენელი დემოკრატიის სამიტზე." - განაცხადა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა დირექტორმა, რობ ბერშინსკიმ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე ზურაბიშვილი წარადგენს -  2021 წელს ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი სამიტზე პრეზიდენტი იყო, თუმცა მაშინ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა.

"რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს".- თქვა 2021 წელს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

დემოკრატიის სამიტი 28-29 მარტს გაიმართება,  სამიტის მიზანია, თანამოაზრე ქვეყნები კორუფციასთან და ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით გაერთიანდნენ.

კომენტარები