რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს გადმოიტანს, თუ კიევს ურანიან ჭურვებს მიაწვდიან – ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვარაუდით, რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს განათავსებს, თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემს.

"მაშინ, რუსეთი ჩვენ მოგვაწვდის საბრძოლო მასალას ნამდვილი ურანით... თუ ის გადარეულები ამ პროცესს ბიძგს მისცემენ". – თქვა ლუკაშენკომ. 

ლუკაშენკოს თქმით, უკრაინა თუ გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენებს, რუსეთის პასუხი საშინელი იქნება.

"როგორც კი ეს საბრძოლო მასალები რუსი სამხედროების პოზიციებზე აფეთქდება, ნახავთ: პასუხი შემზარავი იქნება, მთელი პლანეტისთვის გაკვეთილი იქნება". – თქვა ლუკაშენკომ.

20 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ანაბელ გოლდიმ თქვა, რომ უკრაინას, Challenger 2-ის ტანკების გარდა, გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებსაც გადასცემენ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ უკრაინისთვის მსგავსი ჭურვების გადაცემის შემთხვევაში რუსეთს მოქმედება მოუწევს.

რუსეთს ჯერ კიდევ იანვარში ეშინოდა, რომ დასავლეთი უკრაინას ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდა. 25 იანვარს ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხების მოლაპარაკებებზე რუსეთი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ გავრილოვმა თქვა, რომ თუ დასავლეთი საკუთარი ტანკებისთვის უკრაინას ურანის შემცველ ჭურვებს მიაწვდიდა, მოსკოვი ამას ე.წ. "ბინძური ბომბის" გამოყენებად ჩათვლიდა.

ურანის შემცველობის მიუხედავად, მსგავსი ჭურვები ბირთვულ იარაღს არ წარმოადგენს.

კომენტარები