იაპონია-პოლონეთი

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა პოლონეთს ეწვია

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა პოლონეთს ეწვია და პრემიერმინისტრ, მატეუშ მორავიეცკის შეხვდა.

კიშიდასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირების პროცესში ორივე ქვეყანას კარგად ესმის რუსეთის იმპერიალიზმიდან მომდინარე საფრთხე, რომელიც მსოფლიოში არსებულ მშვიდობას ემუქრება. თავის მხრივ, კიშიდამ პირობა დადო, რომ ყველანაირად დაეხმარება პოლონეთს რუსეთის აგრესიისგან მეზობელი უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების დაცვაში.

"უკრაინაში თავდასხმის გამო პოლონეთს მძიმე ტვირთი აწევს. იაპონია მზადაა მას თავისი როლის პირნათლად შესრულებაში დაეხმაროს. ჩვენ ერთად ახალი პროექტები უნდა შევიმუშაოთ". - აღნიშნა პრემიერმინისტრმა, კიშიდამ.

ფუმიო კიშიდას თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საერთო შეხედულებებისა და პოზიციის მქონე ქვეყნებმა, როგორებიცაა იაპონია და პოლონეთი, უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად ერთიანობა შეინარჩუნონ.

კომენტარები