რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ

Reuters

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა ცნობას, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემს და თქვა, რომ თუ ეს მოხდება, რუსეთს რეაქცია ექნება.

"დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უკრაინისთვის არამხოლოდ ტანკების მიწოდება, არამედ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემაც გამოაცხადა. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლა, უკვე არა სიტყვიერად, არამედ საქმით... ამასთან დაკავშირებით მსურს აღვნიშნო, რომ თუ ეს მოხდება, მაშინ საპასუხოდ რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოს, იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე ბირთვული კომპონენტის შემცველი იარაღის გამოყენებას იწყებს". – თქვა პუტინმა. 

20 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ანაბელ გოლდიმ თქვა, რომ უკრაინას, Challenger 2-ის ტანკების გარდა, გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებსაც გადასცემენ.

ცნობას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ და ასევე მუქარა გააჟღერეს. 

"ახლა შევხედავთ, რის გადაცემას აპირებენ". – თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ და დაამატა, რომ რუსეთს აქვს საპასუხო რამ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ბრიტანეთის გეგმას "მორიგ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთს ჯერ კიდევ იანვარში ეშინოდა, რომ დასავლეთი უკრაინას ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდა. 25 იანვარს ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხების მოლაპარაკებებზე რუსეთი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ გავრილოვმა თქვა, რომ თუ დასავლეთი საკუთარი ტანკებისთვის უკრაინას ურანის შემცველ ჭურვებს მიაწვდიდა, მოსკოვი ამას ე.წ. "ბინძური ბომბის" გამოყენებად ჩათვლიდა.

ურანის შემცველობის მიუხედავად, მსგავსი ჭურვები ბირთვულ იარაღს არ წარმოადგენს.

კომენტარები