ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

გერმანიაში ჩამოსვლის შემთხვევაში, პუტინს დააკავებენ – გერმანიის იუსტიციის მინისტრი

მარკო ბუშმანი
 Chris Emil Janflen/​ddp

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გერმანიის მიწაზე ფეხს დადგამს, მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გაიცემა დაკავების ორდერი.

"იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გერმანიის ტერიტორიას გადაკვეთს, ქვეყანა ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ გადასცეს პრეზიდენტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს". - აღნიშნა ბუშმანმა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის ნათქვამს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა.

"შესანიშნავია! საერთაშორისო დაკავების ორდერი უნდა შესრულდეს. სიმბოლურია, რომ გერმანია არის პირველი, რომელმაც აშკარად განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების მიმართ უკანონო მოპყრობისთვის ეჭვმიტანილი ვლადიმირ პუტინი მათი იურისდიქციის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაკავებული იქნება". - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.


Sky News-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

"საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არის სწორი ინსტიტუტი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს უკვე აშკარა ხდება". - თქვა მან.

უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.

კომენტარები