ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

ვოლოდინი: იანკებო, ხელები შორს პუტინისგან

Uznayvse.ru

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინზე დაკავების ორდერის გამოცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი თავდასხმა პუტინზე რუსეთზე შეტევად აღიქმება.

"იანკებო, ხელები შორს პუტინისგან. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ". - წერს Telegram-ზე ვოლოდინი. 

მოსკოვმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებები უარყო და ორდერი დაგმო.

აღსანიშნავია, რომ ჰააგის სასამართლოს ქვეყანასთან თანამშრომლობის გარეშე ეჭვმიტანილის დაკავების უფლებამოსილება არ აქვს, ამასთან, რუსეთი არ არის ICC-ის წევრი ქვეყანა, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს რუსეთში არანაირი გავლენა არ აქვს.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტზე სხვაგვარად აისახება. მისი დაპატიმრება ICC-ის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, შესაბამისად, ვლადიმირ პუტინს ახლა  ICC-ის 123 წევრ ქვეყანაში მოგზაურობა აღარ შეუძლია.

უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

კომენტარები