NATO-ფინეთი

თურქეთის შემდეგ, ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტიც მოახდენს

თურქეთთან ერთად, ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტიც მოახდენს. ამის შესახებ უნგრეთის მმართველი პარტიის, Fidesz-ის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერი, კოჩიშ მატე Facebook-ზე წერს. 

"Fidesz-ის ფრაქციის სახელით, გატყობინებთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას. პარლამენტში ხმის მიცემა 27 მარტს შედგება და ჩვენ მას ერთხმად მხარს დავუჭერთ". – წერს მატე. 

უნგრელი პოლიტიკოსი ასევე შეეხო შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხს და აღნიშნა, რომ მეორე სკანდინავიური ქვეყნის შესახებ პარტია გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. 

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. ქვეყნების გაწევრიანებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. თანხმობის რატიფიცირება ამ დრომდე მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ.

30 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს. მინისტრის კომენტარი სტოკჰოლმში იმ საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელზეც დემონსტრანტმა ყურანი დაწვა. 

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა, მაგრამ დასძინა, რომ შვედეთთან დისკუსიები გაგრძელდება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს პარლამენტში ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის რატიფიცირება დავიწყოთ". - თქვა ერდოღანმა. 

 

კომენტარები