ოკუპირებული ცხინვალი

"დამოუკიდებლობის 15 წლისთავზე" – გაგლოევმა პუტინი ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის მარიონელ ლიდერს, ალან გაგლოევს ეკონომიკური და სამხედრო საკითხების განსახილველად მოსკოვში, კრემლში შეხვდა. როგორც მედია წერს, გაგლოევმა პუტინი ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა

"არ ვაპირებ, აღვწერო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები. აქ, ვფიქრობ, კომენტარები საჭირო არ არის, ის [ურთიერთობები] განსაკუთრებული ხასიათისაა". - თქვა ვლადიმირ პუტინმა.  

სამთავრობო მედიის ცნობით, პუტინმა ისაუბრა "ყველა მიმართულებით" ურთიერთობების განვითარებაზე და აღნიშნა, რომ "უსაფრთხოების მიზნით" ოკუპირებულ ცხინვალში განთავსდა რუსული სამხედრო ბაზა და სფეროში შესაბამის უწყებებთან "ძალიან მჭიდრო" თანამშრომლობა შედგა. 

მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა ვლადიმირ პუტინი მიიწვია საპატიო სტუმრის სტატუსით, რათა, როგორც სამთავრობო მედია წერს, "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის 15 წლისთავის აღნიშვნაში ჩაერთოს".  

"წელს ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავს აღვნიშნავთ. გამოვიყენებ შესაძლებლობას და დაგპატიჟებთ სამხრეთ ოსეთში, როგორც განსაკუთრებულად საპატიო სტუმარს". - მიმართა მან პუტინს. 

კომენტარები