რუსული კანონი

მაცხონაშვილი: იზოლატორი ისე დავტოვე 36 საათის თავზე საჭმელი და წყალი არ მოუციათ

სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო. ახლა დაკავებიდან 48 სააათი გამივიდა და მეტით იქ გაჩერების უფლება აღარ ჰქონდათ კანონით. გარეთ ვარ. მთელი ეს დრო მეგონა, რომ ზაჰესში ვიყავი, ასე მითხრეს და თურმე ყველას ასე უთხრეს ჩემზე. აღმოჩნდა, რომ სულ სხვაგან ვიყავი. დახურული და რემონტზე გასული #2 წინასწარი დაკავების იზოლატორი გახსნეს სპეციალურად ამ ღამისთვის. 

ერთადერთ მომენტში შევაქციე ზურგი სპეცრაზმს და მომენტალურად ზურგს უკნიდან მომეპარნენ და შემითრიეს პოლიციის დიდ ჯგუფში. მედავებიან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას. ხვალ სასამართლოზე მჭირდება ვიდეომტკიცებულება, რომ დაკავების მომენტში ამათ საერთოდ ვერ ვხედავ და არ ვუწევ წინააღმდეგობას. დაკავება მოხდა ზუსტად 02:00 საათზე [8 მარტს] კინო რუსთაველის კუთხეში. თუ რომელიმე მედიას ამ დროით კადრების ამოგდება შეგიძლიათ, მტკიცებულებად წავიღებ, განცალკევებით და წინ ვდგავარ, ამიტომ იოლი საპოვნელი იქნება კადრები.

დაკავებიდან 15 საათი საჭმელი არ მომცეს. 15 საათის შემდეგ ჩემს საკანში შემოვიდნენ ლევან იოსელიანი და გიორგი ბურჯანაძე. მათ რომ ვუთხარი საკვებზე, ამის მერე დაფაცურდნენ. გავაფრთხილე, რომ ვიყავი ვეგეტარიანელი და ნებისმიერი რამე მოეცათ, ხორციანის გარდა. კარგიო. 20 წუთში მომიტანეს ხორციანი მაკარონი, რომელიც უკან გავატანე. ამის შემდეგ კიდევ 10 საათი არ შემომაწოდეს საჭმელი. მერე ცვლა შეიცვალა და ისინი დამპირდნენ შემოგიგზავნითო. ისე დავტოვე იზოლატორი 36 საათის თავზე (და მერე 9 საათი სასამართლოს შენობაში), რომ საჭმელი არ მოუციათ. იმედი მაქვს, მოსამართლე გაიაზრებს, რომ ეს დამსჯელობითი ქცევა იყო და იმასაც გაიაზრებს, რომ ევროპულ სასამართლო პრაქტიკაში ვეგეტარიანელობა/ვეგანობა რწმენის საკითხად განიხილება და მათი ქცევა დისკრიმინაციულია. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ამდენ ხანს დაკავებულის შიმშილობა არ შეიძლება. ასევე არ მომცეს წყალი და "მაქედან" დალიეო. "მაქედან" იყო უნიტაზზე დამონტაჟებული უბინძურესი ხელსაბანი.

წერს რეჟისორი, გურამ მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები