რუსული კანონი

კუბილიუსი: საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ქართველი ხალხის სტრატეგიულ ინტერესებს

ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ქართული ოცნება მიზანმიმართულად ახორციელებს ახალ დაბრკოლებებს და პროვოკაციებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. 

"თუ "ქართულმა ოცნებამ" გააცნობიერა თავისი ისტორიული პასუხისმგებლობა საქართველოს მომავალზე, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება: გააუქმოს უცხოელი აგენტის კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება". - წერს ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე. 

გარდა ამისა, როგორც ევროპარლამენტარი წერს, საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ქართველი ხალხის სტრატეგიულ ინტერესებს და მიზანმიმართულად იწვევს ფართო პროტესტს.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ინსტიტუტები, მათ შორის ევროპარლამენტი, დგანან ქართველ ხალხთან ერთად და მზად არიან მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის არჩევანს". - წერს კუბილიუსი.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს.

7 მარტის აქციაზე პოლიციამ 66 მოქალაქე დააკავა, დაკავებები გაგრძელდა 8 მარტსაც.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები, რომლებმაც საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

  •  

კომენტარები