რუსული კანონი

"როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია" – კახა კინწურაშვილმა იმედი დატოვა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა კახა კინწურაშვილმა ტვ იმედი დატოვა. ამის შესახებ კინწურაშვილმა მედიაჩეკერთან ინტერვიუში ისაუბრა.

კინწურაშვილის თქმით, მან ტელეკომპანია 1 კვირის წინ დატოვა, ხოლო ამის მიზეზად მან ხალხის ძალად წოდებული ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ივანიშვილის დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დაასახელა. 

"მე იმედიდან რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით. 

მე ვერ ვისაუბრებ სხვებზე, თუმცა, იმედში არიან ადამიანები, ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც მთელი ეს წლებია, ჩემს გვერდით ისხდნენ. მათ დიდ პატივს ვცემ, ვიცი მათი განწყობების შესახებ. მათ საკუთარი ბრძოლის მექანიზმები აქვთ და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იტყვიან სათქმელს.

ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, არასდროს ყოფილა ტელევიზიაში მუშაობა კომფორტული, რაც, კარგად იციან ტელემენეჯერებმაც და პროდიუსერებმაც, უბრალოდ, ამ ქვეყანაში რთულია, ცხოვრობდე მხოლოდ სამსახიობო კარიერით და გჭირდება სხვა გზებიც, მაგრამ მე არასდროს ვეთანხმებოდი იმედის საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია. მე, ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, ვდგავარ იმის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ამას კი არ ეწინააღმდეგება ეს არხი და პირიქით, მხარდამჭერია და მიჰყვება ამ ღალატში ხელისუფლებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მანდ ვერ ვიქნებოდი. მე, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან და სინდისთან". – თქვა კინწურაშვილმა. 

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი 7 მარტს განეხილათ.

პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთერთი ვერსია პირველი მოსმენით მიიღო. 

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ სამართალდამცველები დაიძრნენ და ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. 

დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებს ნაწილი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

კომენტარები