რუსული კანონი

მოამზადეთ სამართლებრივი დასკვნა – ოცნებამ რუსული კანონი ვენეციის კომისიაში გაგზავნა

მამუკა მდინარაძე/Facebook

ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში გაგზავნა. საქართველოს პარლამენტი ავრცელებს შალვა პაპუაშვილის წერილს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს სთხოვს სამართლებრივ დასკვნას. მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა როგორც პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი, ისე მეორე კანონპროექტი, რომელიც ჯერჯერობით, მხოლოდ კომიტეტებს აქვთ განხილული.

ტაბულა წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

ევროპის საბჭოს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს,

ქ-ნ კლერ ბაზი მალორის

თქვენო აღმატებულებავ,

საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს. ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება. აღნიშნული საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის საჭიროა როგორც ყველა დაინტერესებული მხარის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტები, ისე უსაფრთხოების გამოწვევების უფრო სერიოზულად გააზრება.

ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით. 

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის.

ჩვენი ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე პარტნიორობის სულისკვეთებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ ვენეციის კომისიამ მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე.

ქალბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველით აღნიშნულ საკითხზე თქვენთან თანამშრომლობას.

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.

პატივისცემით, შალვა პაპუაშვილი

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები