რუსული კანონი

ზურაბიშვილი: ყველა, ვინც ამ კანონს ხმა მისცა, საქართველოს კონსტიტუციას არღვევს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველამ, ვინც მხარი დაუჭირა უცხოური აგენტის კანონს, საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. 

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია გათვალისწინებულია კონსტიტუციით და დღეს, ვინც მხარი დაუჭირა აგენტის კანონს, დაარღვია კონსტიტუცია და ისინი "გვაშორებენ ევროპის გზას".

"მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი. მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი, პირველ რიგში მე, მაგრამ ასევე მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირში მივიყვანოთ, რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს ყველა ვინც ამ კანონს უჭერს მხარს, ყველა ის, ვინც ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპის გზას". – თქვა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან სპეციალური ჩართვის დროს.

ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. პარლამენტთან აქციის გამწვავების შემდეგ მან შეხვედრები გადადო და ხალხს სიტყვით მიმართა. 

საპროტესტო აქციამ დაძაბული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოელ აგენტთა გამჭვირვალობის კანონი დაჩქარებული პირველი მოსმენით მიიღო. დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

კომენტარები