რუსული კანონი

შსს: აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე "აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო".

"პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები.

სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას  უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე,  სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი". - წერია განცხადებაში.


პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს. მას შემდეგ, რაც რუსულმა რეჟიმაა რუსული კანონი მიიღო, პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა. 

მობილიზებულები არიან რობოკოპები. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. მეორე ვერსია დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

კომენტარები