სახალხო დამცველი

ლევან იოსელიანი "სამ მამაც ქალს" - კორძაიას, სამნიძესა და აქუბარდიას მადლობას უხდის

ტაბულა

ლევან იოსელიანმა სახალდო დამცველად არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც გამორჩეული მადლობა თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძესა და თეონა აქუბარდიას გადაუხადა.

მისი თქმით, მათ ერთი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს, რომელიც მათზე იმისთვის ხორციელდებოდა, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურისთვის მხარი არ დაეჭირათ.

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეს არის დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში. ამ ძალიან რთულ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის მე დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და მე მინდა ამისთვის ყველა თქვენთაგანს, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემ მიმართ, მადლობა გადაგიხადოთ. მაგრამ სიმართლე გითხრათ გამოვედი ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა - თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას. რომლებმაც 1 კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა, ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი და რაც გინდათ დაარქვით და მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და უერთგულეს თავიანთ პრინციპს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ ვერ შემომხედავდა თვალებში.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ეს ნდობა გამომიცხადეთ და რა თქმა უნდა, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია ძალიან საპატიო სახელი - სახალხო დამცველი, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი". - თქვა იოსელიანმა.

96 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 99-მა დეპუტატმა გაიარა.

სახალხო დამცველს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.

კომენტარები