რუსული კანონი

ჩერგოლეიშვილი: 3 წესი გვინდა, წარვადგინოთ - რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ერთიანობა

ტაბულა

"სამი წესი გვინდა, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ - რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი და ექნება აზრი ერთიანობას" - ამის შესახებ ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ევროპული საქართველოს გამოქვეყნებულ ხედვაზე საუბრისას თქვა.

თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა დაკარგონ ფოკუსი. 

"ჩვენ ყველამ ვიცით, ქართულმა ოცნებამ ამ კანონზე უკან რომც დაიხიოს, პრობლემა არა იმდენად ეს კანონია, არამედ, რეჟიმის სულისკვეთება. ეს კანონი არის თავისი არსით რუსული, იმიტომ, რომ რეჟიმი ხედავს საქართველოს რუსული პრიზმიდან. 

როგორ შეიძლება, რომ დემოკრატიის მშენებლობა, მართლმსაჯულების განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ქართული კულტურის განვითარება, გელათის მშენებლობა, ეს ყველაფერი ჩაითვალოს უცხო ქვეყნის ინტერესად?

ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ფოკუსი, რომც დაიხიოს რეჟიმმა უკან ამ კანონზე, რეჟიმის გამოცვლა უნდა იყოს მთავარი ამოცანა, იმიტომ, რომ ვერ გვექნება არსებითი და რეალური წინსვლა რეჟიმის გამოცვლის გარეშე. სწორედ ამისკენ მიგგვყავს პროცესი და ძალიან გვინდა, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწიოთ ოპოზიციურ პარტიებთან, რომ მაგალითად, არ შევქმნათ ფუჭი მოლოდინები, იმიტომ, რომ როდესაც ფუჭ მოლოდინებს ვქმნით და ვაცრუებთ, მერე ხალხის სულისკვეთება კვდება უფრო იოლად და იშლება პროტესტი.

ვიყოთ თანმიმდევრულები, ოცნება ძალიან თანმიმდევრულია თავის გზავნილში, რომ ყველა საქართველოს და ქართველი ხალხის მტერია, ვინც ბატონ ბიძინას აკრიტიკებს. ოპოზიცია არ არის თანმიმდევრული და ძალიან თანმიმდევრული უნდა იყოს. არ უნდა ვითანამშრომლოთ რეჟიმთან, არავინ არ დაგვიჯერებს, რომ მართალს ვამბობთ საფრთხის მასშტაბზე, თუ ერთის მხრივ, ხალხს პროტესტისკენ მოვუწოდებთ, ქუჩაში დგომისკენ და შეურიგებლობისკენ და მეორე მხრივ, ყალბ დიალოგებში ვართ რეჟიმთან" - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები