მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს სასჯელი სააპელაციო სასამართლომაც არ გადაუვადა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

"სააპელაციო სასამართლომ დასწრების გარეშე "განიხილა" მიხეილ სააკაშვილის საქმე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება".- წერს ხერხეულიძე. 

განახლება: აღნიშნულ საქმეზე განცხადება სააპელაციო სასამართლომაც გაავრცელა.

"2023 წლის 2  მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები ითხოვდნენ ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით, საჩივარში ასევე უთითებდნენ განაჩენის აღსრულების გადავადებას – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება ".- აღნიშნულია განცხადებქაში.


6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის. 

კომენტარები