ოკუპირებული აფხაზეთი

შამბა: საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუქტურაზე დიდად დამოკიდებული ვართ

სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ სოხუმში 28 თებერვალს ჩატარებულ კონფერენციაზე, სახელად სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი, თქვა, რომ მარიონეტული რეჟიმი დიდად არის დამოკიდებული საქართველოს "შიდაპოლიტიკურ კონიუქტურაზე".

"ჩვენ ახლა საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუქტურაზე დიდად დამოკიდებული ვართ". – თქვა შამბამ. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინის მთავრობისა და საკუთარი ოპოზიციის მცდელობებს, რომლებიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვენ". – თქვა შამბამ.

შამბას აზრით, საქართველოს მთავრობის ეს მიდგომა განპირობებულია არა "რუსოფილიით ან ურთიერთობეის დარეგულირების სურვილით", არამედ "ღრმად პრაგმატული მიზნებით".

"თუმცა, ვინ თქვა, რომ ამჟამინდელი წნეხის ქვეშ საქართველოს ხელისუფლებას ანტირუსი რადიკალები ვერ ჩაანაცვლებენ ან თავად არ იქნება მეორე ფრონტის გახსნაზე იძულებული?". – დაამატა შამბამ.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით, მარიონეტული რეჟიმი რამდენიმე მიმართულებაზე კონცენტრირებული უნდა იყოს. შამბამ ასევე აღნიშნა, რომ უნდა შემოწმდეს ოკუპირებული რეგიონის "სამობილიზაციო შესაძლებლობები".

"პირველ რიგში, ყურადღებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები, შესაბამისი მითითებები პრეზიდენტმა უკვე გასცა. მეორე, უმოკლეს ვადაში უნდა შემუშავდეს შეიარაღებული ძალების რეფორმის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს გადაიარაღების, ჯარის უახლესი ტიპის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის საკითხებს. მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ ახალი რუსული რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას". – თქვა შამბამ. 

კომენტარები