ბიძინა ივანიშვილი

უსუფაშვილი: პუტინთან რომ ვინმეს შეეთვალოს ბოდიში, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია

David Usufashvili Official/Fb.com

"პუტინთან რომ ვინმეს შეეთვალოს ბოდიში, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია".- ამბობს ლელოს დაპუტატი და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძის განცხადებასთან დაკავშირებით. 

უსუფაშვილის თქმით, 2012-2016 წლებში თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიის განცხადებებით რუსეთი შეშფოთებული იყო, თუმცა ბოდიშის მოხდაზე არაფერი იცის. 

"ეს ჩვენამდე აღწევდა კარასინი ხაზით. კარასინს ჰქონდა ნათქვამი, რომ ირაკლი ალასანია, მინისტრი ხიდაშელი, უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე უფრო რადიკალურ პოზიციებს იკავებენ. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა, ღიად გაცხადებული და რუსებს ეს რომ არ მოსწონდათ, არ გვიკვირდა. რაც შეეხება ფორმატით ჩვენამდე მოღწეულ ინფორმაციას, ჩვენამდე ისიც აღწევდა, რომ აბაშიძე ამ საკითხებზე უმეტესად საკადრის პასუხს სცემდა კარასინს. რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს პუტინთან ბოდიში შეეთვალოს, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია, ამ ტიპის საუბრის არც თანამონაწილე ვყოფილვარ და საერთოდ, პუტინთან ბოდიშის თემა გაუგებარი მოვლენაა".- ამბობს დავით უსუფაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ 2014 წელს რესპუბლიკელების ევროსაბჭოში გამოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. 

"ეს არ მითქვამს აქამდე ეთერში. მაგალითად, 2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ რესპუბლიკელებს, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი. ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, რესპუბლიკელებს, ერთ-ერთ ლიდერს რესპუბლიკური პარტიის, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო. დავით ბერძენიშვილს უთხრა და მე უფლება ავიღე, რომ ეს მეთქვა".- თქვა სამნიძემ. 

სამნიძეს დავით ბერძენიშვილი FACEBOOK-ზე გამოეხმაურა და მისი ნათქვამი დაადასტურა. 

კომენტარები