რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინას კვლავ ადანაშაულებს, რომ პორტებში ბირთვული ნივთიერებები მიიღეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთი, ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, უკრაინას ბირთვული ნივთიერებების მიღებაში კვლავ დაუსაბუთებლად ადანაშაულებს. ამ ჯერად ამ საკითხზე საუბარია რუსეთის საგაერო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი, წყაროების დაუზუსტებლად, ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში, ინტერნეტ-რესურსებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 16 თებერვალს უკრაინამ ჩერნომორსკის პორტში ერთ-ერთი "ევროპული სახელმწიფოსგან" მიიღო კონტეინერი, რომელიც ბირთვულ ნივთიერებას შეიცავდა.

მისივე მტკიცებით, 19 თებერვალს ოდესის პორტში ჩაიტანეს ნივთიერება კალიფორნიუმ 252, რომელიც, ზახაროვას თქმით, ატომური რეაქტორების მთლიანობის შემოწმებისთვის გამოიყენება. ზახაროვა ასევე უკრაინას აბრალებს, რომ ამ ტვირთის შემოტანის დროს გამორთული იყო რადიოაქტიურობის მონიტორინგის სისტემა. მან ახსენა დაუზუსტებელი "ჟურნალისტური გამოძიება", რომლის მიხედვითაც, მისი მტკიცებით, დადგინდა, რომ ნივთიერების შემომტანია ამერიკული კომპანია Frontier Technology Corp-მა, რომელიც ამზადებს რადიოაქტიური ნივთიერებების გადასატან კონტეინერებს.

ზახაროვამ ნივთიერებაზე საუბრის დროს კვლავ ახსენა ე.წ. "ბინძური ბომბიც".

ამას გარდა, ზახაროვა შეეხო მოლდოვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს, დნესტრისპირეთსაც, სადაც ბოლო პერიოდში ვითარება დაძაბულია. ზახაროვას თქმით, "მსგავსი მოვლენები" დნესტრისპირეთის მახლობლად "შეშფოთებას იწვევს". ასევე, მისი მტკიცებით, ჩნდება კითხვა, რომ, შესაძლოა, უკრაინა მარცვლეულის შეთანხმების პორტებს სხვა მიზნებითაც იყენებდეს.

"შემაშფოთებელია ისიც, რომ მსგავსი მოვლენა ხდება დნესტრისპირეთის მახლობლად, სადაც კიევის რეჟიმი მიზანმიმართულად ზრდის დაძაბულობას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის ნახსენები პორტები მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობენ. ჩნდება კითხვა, ეს პორტები და საერთო ჯამში ჰუმანიტარული დერეფნები, სხვა მიზნებითაც ხომ არ გამოიყენება?". – ამბობს ზახაროვა. 

აქამდე, 19 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ მხარეს ასევე ბირთვული ნივთიერებების მიღებასა და 24 თებერვლამდე პროვოკაციის დაგეგმვას აბრალებდა.

რუსეთი უკრაინას ბირთვული პროვოკაციების დაგეგმვაში აქამდეც დაუსაბუთებლად სდებდა ბრალს.

უკრაინული მხარე ზახაროვას სიტყვებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

კომენტარები