აშშ-ჩინეთი

ბლინკენი: სანქციებს დავუწესებთ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს დაეხმარებიან

Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს სამხედრო შეიარაღებით დაეხმარება, ჩინეთს ამისთვის ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

ეკონომიკური ფასის გადახდაში ბლინკენმა ჩინური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება იგულისხმა.

"ჩვენ არ მოვერიდებით, მაგალითად, იმ ჩინური კომპანიებისა და ინდივიდების ტარგეტირებას, რომლებიც დაარღვევენ ჩვენს სანქციებს, ან სხვა მხრივ დაეხმარებიან რუსეთს ომში". – ამბობს ბლინკენი.

26 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ვაშინგტონი ახდენს ჩინეთის ქმედებების მონიტორინგს და აღნიშნა, რომ ჩინეთს რეალური ფასის გადახდა მოუწევს, თუ რუსეთს იარაღს გადასცემს. ამის შესახებ სალივანმა CNN-თან ისაუბრა.

"პეკინს მოუწევს საკუთარი არჩევანის გაკეთება იმის შესახებ, თუ როგორ განაგრძობს მოქმედებას, მიაწვდის თუ არა რუსეთს სამხედრო დახმარებას. თუმცა, თუ ის ამ გზას გაუყვება, ამისთვის ჩინეთს რეალური ფასის გადახდა მოუწევს". – თქვა სალივანმა. 

სალივანის თქმით, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა ჩინელ კოლეგებთან დახურულ კარს მიღმა განმარტეს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს "რეალური ფასის" გადახდას, თუმცა, სალივანმა არ ისურვა, ამის შესახებ საჯაროდ საუბარი.

კომენტარები