ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ქვეყნებიდან მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024-მდე გადაიდო

Sem van der Wal/ANP/AFP/Getty Images/File

ევროპული მოგზაურობისა და ინფორმაციის ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო.

სისტემა, რომელიც შენგენის ზონასა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ, 2023 წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო. 

ETIAS-ის მოგზაურობის ნებართვის მიღების მსურველს განაცხადის შევსება ონლაინ შეეძლება და გარკვეულ კითხვებზე, მათ შორის ჯანმრთელობასა და ნასამართლეობაზე პასუხის გაცემა მოუწევს. განაცხადი ელექტრონულად დამუშავდება და რამდენიმე საათში ავტორიზაციის მიღება შესაძლებელი ელექტრონულ ფოსტაზე იქნება. 

აპლიკაციის შევსების საფასურად განსაზღვრულია 7 ევრო. ამ ფასის გადახდა მოუწევთ ETIAS-ის ნებართვის მიმღების მსურველების, რომლებიც 18-დან 70 წლამდე არიან. ამ ასაკობრივი ზღვრის მიღმა მყოფი პირებისთვის აპლიკაციის შევსება უფასო იქნება.

ETIAS-ის მოგზაურობის ნებართვით სარგებლობა 3 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ექნება სურვილი, რომ ევროკავშირში ETIAS-ის მიერ განსაზღვრულ დროზე მეტ ხანს დარჩეს, მას დარჩენის მიზეზების შესაბამისი ვიზის აღება მოუწევს.

ეს შეზღუდვა დაახლოებით 60 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შეეხება.

როგორც ETIAS-ის ვებგვერდზე წერია, ამ სისტემის მიზანი ევროპაში ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა და სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებაა.

კომენტარები