რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რესპუბლიკელები ბაიდენს უკრაინისთვის F-16-ების გადაცების შეფერხების გამო აკრიტიკებენ

Office of Rep. Michael McCaul via AP

რესპუბლიკელი კანონმდებლები აკრიტიკებენ პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინაში F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის შეფერხების გამო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას გეგმავს. 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განმარტა, რომ ისინი უკრაინას აწვდიან სამხედრო დახმარებას, რომელიც რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის დასაბრუნებლად არის საჭირო და ჩინეთს ჯერ არ მიუწოდებია იარაღი რუსეთისთვის. 

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ტეხასის წარმომადგენელმა, მაიკლ მაკკოლმა ABC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თვითმფრინავები და შორ მანძილზე მსროლელი არტილერია ომს უკრაინაში უფრო სწრაფად დაასრულებს.

"ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს გრძელდება. და ასე ნამდვილად არ უნდა მომხდარიყო". - აღნიშნა მაკკოლმა.

უკრაინამ გასულ თვეს დასავლური გამანადგურებლების მიღებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უფრო დიდი ქვეყნები, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი, შეცვლიან თავიანთ პოზიციას კიევისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით. 

მაკკოლმა რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა "არაწმინდა ალიანსი" უწოდა და ხაზი გაუსვა რისკებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრას.

აშშ-ს მაღალჩინოსნები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩინეთი გეგმავს რუსეთს ლეტალური იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ ჯერ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და შემდეგ - CIA-ის დირექტორმა, უილიამ ბერნსმა ისაუბრეს.

კომენტარები