მცხეთის ჯვარი

მცხეთის ჯვრის ფასადის პროექტი 15 თვეა შეჩერებულია – პროექტის ხელმძღვანელი

ჩუბინაშვილის ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით ხოშტარია რადიო თავისუფლებასთან მიცემულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მე-6 საუკუნის ძეგლის, მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერში სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგმავს სასწრაფოდ ჩაატაროს სამუშაოები მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერში. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა შეკითხვა, თუ რა კავშირშია ეს ახალი ინიციატივა მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოამზადა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და რომელიც დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით."

დავით ხოშტარიას განმარტებით, საქმე ეხება ორ სხვადასხვა პროექტს, რომელთაგანაც ერთს მიზანია მცხეთის ჯვრის ტაძრის საფასადო ქვების მათი შემდგომი დაშლა-დაზიანების პრევენციის მიზნით კონსერვაცია, ხოლო მეორემ - მცხეთის ჯვრის ტაძრის ინტერიერში ქვების ცვენისა და წყლის ჩაჟონვის პრობლემა უნდა მოაგვაროს. პირველი პროექტი აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით ფინანსდება, ხოლო მეორეს, 23 თებერვალს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უხელმძღვანელებს.

"მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტი ჩუბინაშვილის ცენტრმა კარგა ხანია მოამზადა. მან გაიარა განხორციელებისათვის საჭირო ყველა ეროვნული და საერთაშორისო პროცედურა. 2020 წლის 4 ნოემბერს პროექტმა მიიღო წინასწარი დამტკიცება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე. 2021 წლის 21 თებერვალს პროექტი შეითანხმა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭომ. 2021 წლის ოქტომბერში საკონსერვაციო პროექტმა უმაღლესი შეფასება მიიღო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან, ICOMOS International-ის ტექნიკური მიმოხილვის საფუძველზე".

დავით ხოშტარიას თქმით, პროექტით გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები 2021 წლის ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო - იუნესკოს და ICOMOS International-ის მიერ პროექტის ოფიციალურად მოწონებისთანავე. თუმცა, მიუხედავად ამ ორგანიზაციების პირდაპირი რეკომენდაციისა, რომ საპროექტო სამუშაოები დროულად ჩატარებულიყო, პროექტი შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო ვერ განხორციელდა.

"2021 წლის ბოლოს ჩატარებული რეორგანიზაციის შემდეგ, ამ ნებართვებს გასცემს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მიუხედავად გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრისა და პროექტის ხელმძღვანელის არაერთი მიმართვისა, ნებართვა არ არის გაცემული. პროექტის განხორციელება უკვე 15 თვეა შეჩერებულია".

ამასთან ერთად, დავით ხოშტარია პასუხობს კითხვას, თუ რატომ თუ რატომ გადაწყდა 2019 წელს მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტის წარდგენა აშშ ელჩის ფონდში, თუ პრობლემები იყო ტაძრის ინტერიერშიც. 

"საფასადო ქვების კონსერვაცია, როგორც უმთავრესი პრიორიტეტი, განისაზღვრა UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ერთობლივი რეაქტიული მისიის ანგარიშის საფუძველზე (2018 წლის თებერვალი, https://whc.unesco.org/document/168219, გვ. 23). საპროექტო წინადადება შეთანხმებული იყო კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან. იმთავითვე აღინიშნა, რომ თუ ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ აშშ ელჩის ფონდში წარდგენილი პროექტით უზრუნველყოფილი იქნებოდა საფასადო ქვების დაშლა-დაზიანების პრობლემის მოგვარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიხედავდა ინტერიერისა და სახურავის პრობლემებს. არსებითად, დღეს სააგენტო უბრუნდება იმ ვალდებულებას, რომელიც წინა ხელმძღვანელობამ აიღო და რომლის შესრულებაც ვერ მოასწრო".

ჩუბინაშვილის ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელის აზრით, ზემოთაღნიშნული ორი პროექტის (გარე და შიდა წყობის ქვების კონსერვაციის) ერთობლივი განხორციელება ხელს მცხეთის ჯვრის ტაძრის დაცულობის პრობლემების ერთიანად მოგვარებას ხელს შეუწყობდა.

"მინდა წარმატება ვუსურვო სააგენტოს მიერ ახლადწამოწყებულ პროექტს და კიდევ ერთხელ გამოვხატო სინანული და გაკვირვება იმის გამო, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოები ჯიუტად ბლოკავენ წინა პროექტს, რომელიც, როგორც აღვნიშნე, მზად არის განსახორციელებლად, შეთანხმებულია ყველა შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო უწყებასთან და სრულად არის დაფინანსებული აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები